ცესკო-მ თბილისში მერისა და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. ამასთან, ცესკო-მ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესახებ.
ცესკო-ს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება ხუთ თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში.
„ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები მიიღო; ასევე მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმადაც არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი, მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა.
კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე ტურზე მოდიფიცირებული, განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები იქნება გამოყენებული, ასევე განხორციელდება ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები კვლავ შეძლებენ, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია სპეციალური უბნები.
მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.