ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია.
როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 დროებითი წევრი ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში აირჩა.
„არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, დაკვირვებოდა სხდომას ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში „Facebook“ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით.
ცესკო-ს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც. არჩევამდე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკო-ს წევრებთან ლაივრეჟიმში გაიარეს. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრების პროცესს უშუალოდ დაკვირვებოდნენ ცესკო-ს სოციალური ქსელის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს რეალურ სურათს, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას.
რაც შეეხება ცესკო-ს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული 30 პირიდან ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს 28 პირს, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე – 12-ს. ცესკო-ს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 14 პირს, მათ შორის ერთს გავლილი აქვს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, ერთს – „ახალგაზრდული ბანაკები“ და 12-ს – „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“.
29 აპრილის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 35 განაცხადი შემოვიდა (18 ქალი და 17 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.