ცესკო-მ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლების შესახებ განკარგულება მიიღო
ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე განკარგულება მიიღო, რომლითაც არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები.
„წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.