საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას.
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ პარტიებს მოუწოდა, შეუერთდნენ ქცევის კოდექსს და აიღონ პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.
„საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ხასიათდება კომპლექსური ურთიერთობებით და მრავალმხრივი ინტერესებით, რომლის ყველა კომპონენტს საარჩევნო კანონმდებლობა ვერ დაარეგულირებს და აღასრულებს. ამის გამო, საჭირო ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა და დამატებით ეთიკურ წესებზე შეთანხმება, რაც მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და სხვა საერთაშორისო ჩართული მხარეების არაერთ ანგარიშში მოხვდა რეკომენდაცია, ისეთი სტანდარტების განვითარების და დამკვიდრების შესახებ, რომელიც არეგულირებს ეთიკურ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთას.
მსგავსი რეკომენდაცია მოხვდა აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის ანგარიშში, სადაც სახალხო დამცველი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეიმუშაოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, განახორციელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია.
სწორედ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის შედეგად შეიქმნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც აკმაყოფილებს მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე, ეფუძნება 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისას, ცესკოს ორგანიზებითა და შვეიცარიის სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ხელმოწერილ ეთიკის პრინციპებს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-ს თავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებისთვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ვაქვეყნებთ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვიწვევთ ყველა რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას შემოუერთდეს აღნიშნულ ქცევის კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე“, – განაცხადა ჟვანიამ
პარტიებს შეუძლიათ ქცევის კოდექსს შეუერთდნენ შემდეგნაირად:
ქცევის კოდექსის ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შეერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით. ქცევის კოდექსის ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყველა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, ვინც შეუერთდება დოკუმენტს.