ცესკო-მ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარმოადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა.
როგორც მან ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დათვლილია ყველა, 133-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
შედეგები კი შემდეგია: საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები: № 34 მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) – 1 562 ხმა; 41 გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 23 523 ხმა.
გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები: № 41 გიორგი მაჭავარიანი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 17 430 ხმა.
ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმები, ისევე როგორც ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერები ატვირთულია ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მათ. აღნიშნულ ვებგვერდზე მონაცემების ატვირთვა დაიწყო პირველი ოქტომბრის 20:18 საათიდან, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგები 103 უბნის მიხედვით ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში წარადგინა. ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ ამ დროში წინასწარი შედეგის გამოქვეყნება უპრეცედენტოა.
რაც შეეხება დანარჩენ 30 საარჩევნო უბანს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდა, ამ უბნების საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდა და შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში აიტვირთება, ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
„კიდევ ერთხელ გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება; ასევე, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთა ძალისხმევით საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული; ასევე, ყველა ჩართულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“, სწორედ მათთან პარტნიორობითა და მათი ტექნოლოგიური მხარდაჭერით ჩატარდა გუშინდელი არჩევნები“, – განაცხადეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.