ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ნომერ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოიცავდა, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი, რომელმაც ხმათა 90.61 პროცენტი (34 333 ხმა) მიიღო.
მისივე განმარტებით, სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია: №34 მამუკა ტუსკაძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ – 2 634 ხმა, 6.95 პროცენტი; №59 კამალ მურადხანოვი – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 923 ხმა, 2.44%.
„აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. კენჭისყრის დასრულების შემდეგ განხორციელდა ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. ამასთან, გადაითვალა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგებიც. ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლისას უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. ვიდეომასალა ხელმისაწვდომია Google Drive-ის პლატფორმაზე“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 139 989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40 614-მა ამომრჩეველმა.