ცესკო - კვლავ გრძელდება იმგვარი ვიდეოების ვირუსულად გავრცელება, რომელთაც შესაძლოა, გამოიწვიოს არასწორი აღქმები, ნუ გაავრცელებთ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე
ცესკო - კვლავ გრძელდება იმგვარი ვიდეოების ვირუსულად გავრცელება, რომელთაც შესაძლოა, გამოიწვიოს არასწორი აღქმები, ნუ გაავრცელებთ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე

სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს არასწორი აღქმები, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ინფორმაცია მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებსა თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს საზოგადოებას უკვე გავაცანით ინფორმაცია ხელვაჩაურის მე-16 უბნის აპარატის წინასწარი შედეგების ამონაწერის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევა 2 263 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნიდან მხოლოდ შვიდ შემთხვევაშია. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ შვიდ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ორი ან სამი მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის ინფორმაციის კონსოლიდაცია (დაჯამება) და გამოიგზავნა ცესკო-ს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა. ამასთანავე, ყველა ტექნოლოგიურ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლა და შესაბამისი ოქმების განთავსება, რაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მისი გაცნობის. საკითხის იდენტიფიცირებისთანავე, შესაბამისმა კომისიებმა მყისიერად განახორციელეს ყველა მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და პროცედურების დაცვით ამონაწერის გადმოგზავნა ცესკო-ში. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ, უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით, ცესკო არ ახორციელებს ვებგვერდიდან მის წაშლას და ჩანაცვლებას. ყველა ინფორმაცია რჩება ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება ანგარიშების სრულად კონსოლიდირებული საბოლოო ვერსიების დამატებით ატვირთვას, ხაზგასასმელია, რომ, ჩვენი პარტნიორი ვენდორი ორგანიზაციის „სმარტმატიკის“ შესაბამისი დადასტურების გარეშე, მხოლოდ ცესკო ვერავითარ მონაცემს ან ინფორმაციას ვერ შეცვლის. შესაბამისად, წინასწარი შედეგების ანგარიშებთან და ოქმებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ორმაგი დადასტურებით, რის გამოც სრული კონსოლიდირებული ვერსიების განთავსდა ვენდორის მხრიდან შესაბამისი დადასტურების შემდგომ. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ დღეს 73 საარჩევნო ოლქში განხორციელდა წილისყრით გამოვლენილი 367 უბნის შედეგების გადათვლა. ასევე, ხვალ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა საარჩევნო უბნების გადათვლები. ამის შედეგად, ცხადია, შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს მონაცემები, რაც მიიღება საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებით, აიტვირთება ზემოთ ნახსენები პროცედურის შესაბამისად და თავისთავად ინფორმაციაც განახლდება ცვლილებების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ, კითხვების შემთხვევაში მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტებები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.