ცესკო კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს
ცესკო კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია №04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, დავით ფეტვიაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დავით ფეტვიაშვილმა ცესკო-ს გადადგომის თხოვნით თავად მიმართა. საქმე ეხება ვიდეოჩანაწერს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა. როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ამ ჩანაწერში ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ ფაქტის შესწავლა დაიწყო.

„დამატებით, რა ღონისძიებები იქნება განხორციელებული, რა იქნება შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომის, რა თქმა უნდა, თქვენთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება იმ დამატებით პირებს, რომელზეც არის საუბარი, კომპეტენციის ფარგლებში, ცესკო შეისწავლის ამ საკითხს.

„თუმცა ოლქის თავმჯდომარის გარდა, დანარჩენი პირები საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები არ ყოფილან.

მოგეხსენებათ, უბნები ჯერჯერობით დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, ეს პირები არ არიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. ეს პიროვნებები წინა არჩევნებზე შესაძლოა, იყვნენ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არის გამოცხადებული კონკურსი, შესაბამისად არ არის არჩეული არცერთი საუბნო კომისიის წევრი, მით უმეტეს ვერ იქნება ვერანაირად განსაზღვრული ფუნქციები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები არ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები“, – განმარტა ანა მიქელაძემ.