ცესკო - ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს
გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინსივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ცესკო-ს განმარტებით, ასეთი დოკუმენტი არ არსებობს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალურ ქსელებში. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან. გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინსივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომლებიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულ კომპანიასა და, მათ შორის, არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია;
მეორე საკითხი რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის, ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შეეხება. დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პირის აკრედიტაციით კანონი დაარღვია და ამის საფუძველი ცესკო-ს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
მანიპულაციურად არის წარმოჩენილი, ამასთანავე, ის ფაქტი, თითქოს აღნიშნული პირის მიერ აკრედიტაციისთვის მომართვა პირადად ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ განხორციელდა და თითქოს ეს წარმოდგენს მთავარ მტკიცებულებას იმისა, რომ მათ შორის კავშირები არსებობს, მაშინ როდესაც კორესპონდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომ მიმართვა ინსტიტუციის ხელმძღვანელის სახელზე კეთდება და ამითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხორციელდება. ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური მედიის წარმომადგენელი აკრედიტაციას გადის მარტივი პროცედურით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გამოგზავნით. თუ გამოგზავნილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის აკრედიტაციას.
აღნიშნული კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის და ალბათ სწორედ ამიტომ, ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად ონლაინსივრცეში დამატებით გაავრცელეს დოკუმენტები, თითქოს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუსეთში სწავლობდა ვინმე ალექსანდრ მალკევიჩთან ერთად. ჩვენთვის უცნობია, ეს დოკუმენტი ფალსიფიცირებულია თუ სხვა გიორგი კალანდარიშვილზეა გაცემული, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე: ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და, ამასთანავე, არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში.
ნათელია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ. მაშინ, როდესაც ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება უშუალოდ საარჩევნო პროცესში არსებით დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები პროცესის დაზიანებას დეზინფორმაციითა და ფალსიფიცირებული, გაურკვეველი დოკუმენტების გამოქვეყნებით ცდილობენ. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, – განაცხადეს ცესკო-ში.