ცესკო - იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე ყველა საჭირო ინფორმაცია ჩანს, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად
ცენტრალურ საარჩევნო კომისია სოციალურ მედიაში გავრცელებულ ბიულეტენის ფოტოებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად.
„სოციალურ მედიაში ვრცელდება ბიულეტენის ფოტოები, რომელიც ზედა მხარეს გამყოფი, პერფორაციის ზოლთან არასწორად არის მოხეული. აღნიშნულ ფოტოს ასევე ავრცელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც. განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე ასახულია და ცალსახად ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ასე მოხეული ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად და გავრცელებული ინფორმაცია, ასეთი ბიულეტენის შესაძლო ბათილობის შესახებ, არის მანიპულაცია და სიცრუე.
ასევე არასწორია ორგანიზაცია „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის 23-ე საარჩევნო უბანზე ძველი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია. საარჩევნო უბანზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია განთავსებული“, – აცხადებენ ცესკო-ში.