ცესკო - გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ცესკო-ს ინფორმაციით, კონფერენცია თემაზე „საარჩევნო პროცესების გაციფრულება – კიბერუსაფრთხოებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები“ ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) და ფინეთის სამართლის უზენაესობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„ღონისძიება ალბანეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ილირიან ცელიბაშმა დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) დირექტორთან, სემ ვან დერ სტაკთან, ალბანეთში ევროკავშირის დელეგაციის ოფიცერთან, ალექსანდარ რომანოვიჩთან და ფინეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთან, ნიკოლას ვილჰელმსონთან ერთად გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე, მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინტერვენციაზეც გაამახვილა, რომელიც ადმინისტრაციამ 2018 წლიდან 2023 წლამდე ეტაპობრივად განახორციელა. ასევე, დეტალურად ისაუბრა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე.
ორი დღის განმავლობაში მომხსენებლებმა საარჩევნო პროცესების გაციფრულების მიმართულებით მათ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს. მათ შორის, ღონისძიების მონაწილე ქვეყნებში ფართოდ გამოყენებულ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, რაც არჩევნების შედეგების გადაცემის სისტემებს, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და შედეგების დათვლის ტექნოლოგიებს უკავშირდება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ კონფერენციას, საქართველოსთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება პროექტის – „ალბანეთის არჩევნების მთლიანობა და სანდოობა: პოლიტიკური ფინანსური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყობა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-5 ივლისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციას ცესკო-ს თავმჯდომარე ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით ესწრებოდა“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.