ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს დღეს აირჩევს.
როგორც გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ, საბუთები მატერიალური სახით წარმოედგინათ ცესკოში 28-29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ კონკურსანტთა უმრავლესობამ ისარგებლა ცესკო-ს ამ სერვისით და რეგისტრაციისთვის სწორედ ელექტრონული პლატფორმა გამოიყენა.
ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ 219 ვაკანტურ ადგილზე სულ 264 განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან ერთმა კონკურსანტმა ვერ გამოასწორა ხარვეზი და შესაბამისად კონკურსში მონაწილეობას იღებს 263 პირი.
41 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა სულ 3-3 განაცხადი;
23 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 4-4 განაცხადი;
7 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 5-5 განაცხადი;
2 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 7-7 განაცხადი;
კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივრეჟიმში გადაცემა.
263 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 135-მა კონკურსანტმა, მათგან 71-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკო-ს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივრეჟიმში გადაცემაზე.
კონკურსანტებთან გასაუბრება 30 აგვისტოს დილის 10:30 საათიდან 21:30 საათამდე მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ, კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ამ შესაძლებლობით ცესკო-ს 13-მა წევრმა ისარგებლა. ასევე, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა, ლაივრეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე.
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცესკო-ს სხდომის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.