საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის ბრალდებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, პარტიის მაჟორიტარობის სამი კანდიდატი ცესკო-მ 2020 წლის არჩევნებიდან ნასამართლეობის მიზეზით მოხსნას.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ ჯერ არ მიუმართავს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის არც პარტიული სიის და არც მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით.
„შესაბამისად, არც პარტიული სიის და არც მაჟოროტარობის კანდიდატის შესახებ უარი არ მიუღიათ. მათი განცხადება იმის შესახებ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დაარეგისტრირა რომელიმე კანდიდატი, არ წარმოადგენს სიმართლეს.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა, როგორც პარტიული სიის, ისე მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციას ასევე უნდა წარუდგინოს კანდიდატების მიერ შევსებული სააღრიცხვო ბარათი, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ, პირადობის ან პასპორტის ასლი და ასევე ფოტოსურათი. ჩამონათვალში ცნობა ნასამართლეობის შესახებ მითითებული არ არის და შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია არ სთხოვს არც ერთ სუბიექტს აღნიშნული ცნობის წარმოდგენას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.