ცესკო - დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, ცვლილებები არის უმნიშვნელო, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები
ცესკო - დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, ცვლილებები არის უმნიშვნელო, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა.

სანტურიანის ინფორმაციით, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა. მისივე თქმით, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები.

„მთლიანობაში, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1 201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე – 47. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, იყო 151.

წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167; არ დაკმაყოფილდა 917; განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს სამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. აღნიშნული საჩივრების განხილვის ვადა 10 დღეა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საერთო ჯამში, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადაითვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. საერთო ჯამში, ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

სანტურიანის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა საუბნო საარჩევნო კომისიების 290 წევრს.

ამასთან, ბრიფინგზე გიორგი სანტურიანმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებითაც.

„აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. მათი უმრავლესობა შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოებში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.