ცესკო - არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება
30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტურზე ამომრჩევლებისთვის არის შექმნილი გამონაკლის შემთვევაში რვა უბანი.
„შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა იოსელიანმა.
ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, 2 ოქტომბრის მსგავსად 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.
„თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების ამომრჩეველთა ბაზაში ფიქსირდებიან, არჩევნების მერე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცესკო-ს ტელეფონის ნომერზე 2 56 00 56 შიდა ნომერი 0. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე, რაგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს, მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეხუთე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირველები თუ მედია წარმომადგენლები. მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს, იაქტიურონ და მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“, – განაცხადა იოსელიანმა.