ცესკო 103 საარჩევნო უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს წინასწარ შედეგებს იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.
„გურჯაანის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა მიიღო 14 450 ხმა, ხოლო საპარლამენტო შუალედური არჩევნების ნაწილში, გორი-კასპის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გვაქვს შემდეგი სურათი: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1 344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6,59%-ს შეადგენს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19 032 ხმა, რაც 93,4 პროცენტია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ელექტრონული დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის განცხადებით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი შედგება შემაჯამებელი ოქმი.
გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია.
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51 პროცენტია. მათ შორის, გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა – 25 627, გურჯაანში კი – 17 703 ამომრჩეველი.