ცესკო - აქტიურად დაიწყო მანიპულირება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ აქტიურად დაიწყო მანიპულირება თემით, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას.
მათივე ცნობით, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე, რომელზეც საუბარია, ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი.
„გვინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც. ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ“, – განაცხადეს ცესკო-ში.
ამასთან, ცენსტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, რომ ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას.
„ასევე გვინდა გავაკეთოთ განმარტება კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება მანიპულაციის თემა; საუბარია ამომრჩეველთა ფოტოსურათიან საჯარო სიებზე. შეგახსენებთ, რომ ამ სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მათ სიები კანონმდებლობის დაცვით გადაეცემათ გამოთხოვის შემთხვევაში. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.