ცესკო - ამომრჩეველთა აქტივობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 56.23 % შეადგინა, რაც საერთო ჯამში 1 975 845 ამომრჩეველია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 20:00 საათისთვის 56.23 % შეადგინა, რაც იმას ნიშნავს რომ კენჭისყირის პროცესში მონაწილეობა 1 მილიონ 975 ათას 845-მა ადამიანმა მიიღო.
ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებული აქტივობა.
როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 72.72% ქედაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში – 43.12%.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 55. 9% შეადგინა.
„თუ ამ მონაცემებს პირველი ტურის შედეგებს შევადარებთ, მაშინ ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 46.74% იყო. მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, საარჩევნო პროცესი კი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა“,- განაცხადეს ცესკო-ში.