ცესკო - ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 33.18 პროცენტი შეადგინა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 33.18% შეადგინა.
„ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მან ასევე ამომრჩეველს შეახსენა, რომ არჩევნების დასრულებამდე ოთხი საათი დარჩა და შესაბამისად, აქტიურობისკენ მოუწოდა.
„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს, იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე ოთხი საათი დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.