ცესკო - ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 55 საჩივარი, მათგან მარნეულში შევიდა 17 საჩივარი, ზესტაფონში დაიწერა ოთხი, ხულოში შვიდი, ხოლო ზუგდიდში 21 საჩივარი. ერთი საჩივარია ოზურგეთის საარჩევნო ოლქში.
ცესკო-ს ინფორმაციით, ძირითადად საჩივრები შეეხება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს.
ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ზუგდიდის 97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა გამოეძახებინა პოლიცია.
რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ცესკო-ში ამბობენ, რომ კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ხდება მათი იდენტიფიცირება ბიულეტენების გაცემამდე. ამასთან, არც ერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიის მიერ ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემის არც რთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.