ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 8,29 პროცენტი შეადგინა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლის აქტივობა 12:00 საათისთვის 8,29 %-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 177 462-მა ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა.
ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში ფიქსირდება, სადაც 14 901 ამომრჩეველმა უკვე უკვე დააფიქსირა არჩევანი, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 11.4%-ს შეადგენს.
ამასთან, ყველაზე დაბალი ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, სადაც 12:00 საათისთვის 8321 ამომრჩევლმა მისცა ხმა, რაც საარჩევნო სიის 6.2%-ს შეადგენს.
გუდაურის ერთი უბანი, სადაც შეფერხება იყო გაიხსნა და იქ რეგისტრირებულ 205 ამომრჩეველს უკვე შეუძლია ხმის მიცემა.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა. უბანზე ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს კენჭისყრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება სპეციალურ საარჩევნო უბანს გუდაურში (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია, აღნიშნული უბანი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, შეფერხების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი ხმა.
ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი, 145 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს.
„შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მეორე ტურისთვის არის 2 140 210. ხოლო ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ცხრა უბანი. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შეტანილი ცვლილების თანახმად, 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია 22 ნოემბრის დილის 05:00 საათის ჩათვლით. შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს შეზღუდვების გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა აქვს. მეორე ტურის დასრულებამდე დაახლოებით შვიდი საათი რჩება, ასე რომ ამომრჩევლებს მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მივმართავ – ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.
მისივე ინფორმაციით, დიდთოვლობის მიზეზით გამოწვეული შეფერხების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება შატილში საარჩევნო უბნის გახსნა.