ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19.41 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ანა მიქელაძის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა – 28.3 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში – 17.9 პროცენტი.
„აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას, დააზიანეს ბიულეტენი. ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.