ცენტრი „ემპათია“ ირაკლი კვარაცხელიას მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“ ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, შესაბამისი მიმართვა მათ უკვე გააგზავნეს ჯერ რუსეთის გენერალურ, შემდეგ კი სამხედრო პროკურატურაში.
ჯიშკარიანის განმარტებით, ამავე უწყებებიდან ორგანიზაციას გამოძიების მასალები და ექსპერტიზის შედეგებიც აქვს გამოთხოვილი.
„ჩვენ მივმართეთ ორი კვირის წინ რუსეთის სამხედრო პროკურატურას და ველოდებით მათგან პასუხს, ასევე გამოძიების მასალებს თუკი ასეთი არსებობს, ველოდებით სოხუმის ექსპერტიზის დასკვნას. გავუგზავნეთ მოთხოვნა, რომ ირაკლი კვარაცხელიას მეუღლე იყოს აღიარებული დაზარალებულად. დიდ იმედს არ ვამყარებთ ამაზე, მაგრამ ეს არის ეტაპები, რომლიც უნდა ამოვწუროთ რათა შემდეგში მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოს“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.