ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცედურა დაასრულა. ცესკო-ს მონაცემებით, 3705 უბნის მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 615 433 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.64 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37.74 პროცენტია.
მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 797 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.98 პროცენტს შეადგენს.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. აღნიშნული მონაცემების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუწევს.
არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 პროცენტია.