ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას მართავს.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე კომისიის წევრებმა 22 საკითხზე უნდა იმსჯელოს. პირველი საკითხი, რაზეც კომისია იმსჯელებს, ოპოზიციური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვაა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ასევე უნდა შეაჯამონ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები. დღის წესრიგით უნდა შეჯამდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებიც, ასევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები და უნდა იმსჯელოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულებაზეც.
სხდომის დაწყებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილს ხსოვნას.
დღევანდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ცესკო-ში უკვე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც სხდომაზე გეგმავენ უშუალოდ იმ საჩივრებზე საუბარს, რომელიც მათი მხრიდანაა შეტანილი. ისინი 30-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობს ითხოვენ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით გურგენიძე აცხადებს, რომ ცესკო-ში 100-ზე მეტი საჩივარია შეტანილი, თუმცა ისინი ერთ საკითხშია გაერთიანებული.
„ხომ არ არის ეს მცდელობა, რომ ფორსირებულად, დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს საჩივრების განხილვა, რათა ვერ მოესწროს გასაჩივრება. ასეთი უცნაური დღის წესრიგი არასდროს მინახავს. 110 საჩივრის ერთ საკითხად ჩაწერა და განხილვა იწვევს ძალიან საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ფორმალური სხდომა ემსახურება საარჩევნო უფლებების დარღვევას. დღეს შემაჯამებელი ოქმის გაფორმებას არ აქვს არანაირი საფუძველი. მეორე ტურის თარიღი პირდაპირ წერია, რომ არის მესამე შაბათი დღე. წინასწარ ვიცით სასამართლოს გადაწყვეტილებები და არ ველოდებით, ეს ძალიან აღმაშფოთებელია. შედეგების გათვალისწინებას არ აპირებს ცესკო და დაჩქარებულად აპირებენ განხილვას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთიანდება საჩივრები და ერთად განიხილება.
„ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე სუბიექტს არ მიეცემა საკუთარი პოზიციის წარდგენა. ყველას, ვისაც აქვს საჩივარი, მიეცემა აზრის გამოთქმის საშუალება. ყველა მათგანს ექნება საშუალება, თითოეული სუბიექტის ნაწილში გადაწყვეტილება იქნება ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაში, საერთოდ ვერ ვხედავ დავის აზრს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტების ჯგუფი აქციას მართავს.