ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში გადამზადდებიან
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, კიბერდანაშაულის კუთხით სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს, მათ შორის შსს-ის ხელშეწყობა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქართველი პოლიციელების სწავლება ფედერალური ბიუროს აკადემიაში.
უწყების ცნობით, ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში გადამზადდებიან, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში სწავლების მეთოდებს გაეცნო. აღნიშნულ აკადემიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, პერიოდულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც გადიან მომზადებას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სამართალდაცვით სფეროში წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. ასევე, მხარეები ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში ქართველი სამართალდამცავების ჩართვაზე შეთანხმდნენ.