ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა დეტალურად გავაცნოთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები და ის სარგებელი, რასაც ბენეფიციარები იღებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ძალიან კარგი შედეგები აქვს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში დაახლოებით 500 ჰა ფართობზე გაშენებულია მრავალწლიანი ბაღები. მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი გააჩნია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო. გამოიკვეთა სასმელი წყლის მიწოდების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა, რაც ართულებს ადგილობრივებისთვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ხელმისაწვდომობას.
კახეთის მხარის გუბერნატორმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც რეგიონში ხორციელდება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეტაპობრივად მოხდება სასმელ წყალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მაქსიმალურად მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტში მათი გათვალისწინება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.