ცენტრალური ავტობანის ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთზე მუშების გაფიცვის გამო სამუშაოები შეწყვეტილია
ცენტრალური ავტობანის ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთზე მუშების გაფიცვის გამო სამუშაოები შეწყვეტილია

ცენტრალური ავტობანის, ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთზე დილიდან სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილია. მეორე დღეა ავტობანზე მომუშავე მუშები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მატებას, დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანია Sinohydro-ს თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზეც საუბრობენ. გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მიუხედავად, ხელფასების მომატებაზე უარი მიიღეს.

ჩინური კომპანია “სინოჰიდროს” წარმომადგენელი ლევან წურწუმია აცხადებს, რომ მუშების მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კომპანიის სათაო ოფისთან უკვე მიმდინარეობს.

“ჩვენ თანამშრომლების მოთხოვნებს წერილობითი ფორმით მივაწვდით კომპანიის ხელმძღვანელობას. ვმუშაობთ, რომ ამ მოთხოვნების გარკვეული ნაწილი დავაკმაყოფილოთ. შეჩერებული სამუშაოების გამო ზარალდება როგორც კომპანია, ასევე სახელმწიფო და მუშები. რაც შეეხება ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს, ჩვენთვის ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. არ აქვს მნიშვნელობა ჩინელია თუ ქართველი. ჩვენ ამ ვითარებაში გავერკვევით “- განაცხადა ლევან წურწუმიამ.