ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ რუსი ჟურნალისტები მძარცველებმა მოკლეს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მოკლულ რუს ჟურნალისტებს ფული და ტექნიკა არ აღმოაჩნდათ. რეპორტიორები ორხან ჯამალი, კირილ რადჩენკო და ალექსანდრ რასტარგუევი აფრიკაში 31 ივლისს მოკლეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომუნიკაციების მინისტრმა ანჟ მაქსიმ კაზაგიმ განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე ფული და ჟურნალისტების კუთვნილი ტექნიკური საშუალებები ვერ იპოვეს.
როგორც მანამდე ტელეკომპანია „დოჟდს“ გამოძიებათა მართვის ცენტრში უთხრეს, აფრიკაში მყოფ რეპორტიორებს თან 8500 დოლარი ნაღდი ფული და ორი ძვირადღირებული კამერა ჰქონდათ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომუნიკაციების მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული ტექნიკა მკველელობის ადგილზე ვერ იპოვეს. მისივე თქმით, რუსი რეპორტიორების მანქანას გზა არაბულ ენაზე მოსაუბრე პირებმა გადაუღობეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ადამიანები რეპორტიორების მანქანის წაყვანას შეეცადნენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც თავდამსხმელებმა სროლა ატეხეს.
სროლის შედეგად, ერთი ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი კი მიღებული ჭრილობებისგან მოგვიანებით გარდაიცვალნენ.
აფრიკელი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელების რიცხვი 10-ს აღემატებოდა. მანქანის მძღოლი დაიჭრა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა.
მინისტრის თქმით, თავდამსხმელები სავარაუდოდ, მეამბოხეთა ჯგუფ „სელეკას“ წევრები იყვნენ, რომელიც რამდენიმე დაჯგუფებას აერთიანებს. მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ჟურნალისტები სავარაუდოდ ამბოხებულებმა მოკლეს.
შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდნენ.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ექსპერტ- კრიმინალისტებმა მოკლული ჟურნალისტების ცხედრებზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს.