ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული ჟურნალისტები რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობას იძიებდნენ
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტები რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” საქმიანობას იძიებდნენ, – ამის BBC იუწყება.
ინფორმაცია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის წევრები იმყოფებოდნენ, რამდენიმე თვის წინ, ტელეკომპანია “დოჟდმა” გაავრცელა.
აღნიშნული კომპანიის სამხედროები და ინსტრუქტორები ასევე იმყოფებიან სირიაშიც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, “ვაგნერის” აფრიკაში გაგზავნა რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება, რომელიც ცნობილი “ტროლების ფაბრიკის” მფლობელია.
არსებული ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრება “გამოძიებათა მართვის ცენტრმა” დააფინანსა. აღნიშნული მედიაკომპანია ყოფილ ნავთობმაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკის ეკუთვნის.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები, ორხან ჯამალი, კირილ როდჩენკო და ალექსანდრ რასტარგუევი დღეს მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტების მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ტელეკომპანია “დოჟდი” იუწყება, მკვლელობა 31 ივლისს ღამით მოხდა. ჟურნალისტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიდან ბომბარიში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც მათი მანქანა ბლოკპოსტზე გააჩერეს.
რა მოხდა ამის შემდეგ და რატომ გაუხსნეს ჟურნალისტების მანქანას ცეცხლი, უცნობია. რეპორტიორები აფრიკაში მყოფი რუსი სამხედროების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდნენ და ადგილობრივ კონსულტანტებთან შეხვედრაზე მიდიოდნენ. მათ თან ძვირადღირებული ტექნიკა გადაჰქონდათ.
Reuters-ის ინფორმაციით, რუს ჟურნალისტებს ბუჩქებში ჩასაფრებულმა უცნობმა პირებმა ესროლეს. გავრცელებული ცნობით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის შედეგად გადარჩა.
რუსული მედია იუწყება, რომ ჟურნალისტების ცხედრები ახლობლებმა უკვე ამოიცნეს, ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში გადაასვენეს, სადაც რუსი დიპლომატები გაემგზავრნენ.
მოკლული ჟურნალისტი ორხან ჯამალი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა. ის ასევე იმყოფებოდა ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და საუდის არაბეთში.