ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტები მოსკოვში ჩაასვენეს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების ცხედრები მოსკოვში ჩაასვენეს. ცხედრები აეროპორტიდან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პროზექტურაში გადაიტანეს, სადაც ექსპერტიზა ჩატარდება.
სავარაუდოდ, სპეციალისტებს ყველა შემოწმების ჩასატარებლად ორი დღე დასჭირდებათ. ამასთან, უკვე ცნობილია რომ ერთ-ერთ მოკლულს ოხან ჯამალს 8 აგვისტოს დაკრძალავენ. მასთან დამშვიდობება ყველა მსურველს მოსკოვის მეჩეთში შეეძლება.
3 რუსი რეპორტიორი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 31 ივლისს მოკლეს. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობის შესახებ ფილმის გადასაღებად გაემგზავრნენ. მათი დაღუპვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები უცნობმა პირებმა გაძარცვეს და მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ჟურნალისტების შეეწირნენ. აპრილში საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა რუსი რეპორტიორი მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც „ვაგნერის“ წევრების სირიაში დაღუპვის შესახებ პირველმა დაწერა. ბოროდინი საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა.