ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ზ.ს. ბათუმში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 150 ვაზნა ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.