ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვ.ე. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ თანამშრომლებმა ჩაატარეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე.-მ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში უკანონოდ შეიძინა 1991 წელს დაბადებული შ.დ.-ს სახელზე რეგისტრირებული „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც თავისი კუთვნილი ავტომანქანით რუსეთის ფედერაციაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- გადაზიდვის ფაქტზე, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მომზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 18-236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 19-214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.