CBS - აშშ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დახმარების პროგრამებს წყვეტს
აშშ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დახმარების პროგრამებს წყვეტს. როგორც მედია იუწყება, აშშ-ს სურს მკაფიოდ დაანახოს ყველას, რომ ამერიკელი სამხედროები „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, სირიას სწრაფად დატოვებენ.
CBS-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა სირიაში ვითარების ანალიზის განკარგულება გასცა, რომლის ჩატარების შემდეგ დახმარების პროგრამების დახურვის გადაწყეტილება უწყებათშორისმა სამუშაო ჯგუფმა მიიღო. სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იდლიბის პროვინცია იგულისხმება, სადაც 3 მილიონი იძულებით გადაადგილებული ცხოვრობს და, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
სირიის ამავე ნაწილში მდებარეობს აფრინის პროვინცია, სადაც 2018 წლიდან თურქეთმა სირიელი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ასევე, ზოგიერთ რაიონს ტერორისტული ჯგუფები აკონტროლებენ. დანარჩენი ტერიტორია კი, სირიელი სამხედროების დაქვემდებარებაშია.
აშშ-ის დახმარების პროგრამები სირიის აღნიშნულ რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. აშშ ეხმარებოდა ადგილობრივ მთავრობას ექსტრემისტებთან ბრძოლაში და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს აფინანსებდა. ატარებდა საგანმანათლებლო პროექტებს. ასევე, ქმნიდა ადგილობრივ ძალებს, რომლებიც უსაფრთხოებას იცავდნენ.
CBS-ის ცნობით, ამ ეტაპზე სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის მიერ სირიისთვის გამოყოფილი დახმარების გადამისამართებაზე მსჯელობენ. საუბარია დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარზე, რომელიც სავარაუდოდ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის დასახმარებლად დაიხარჯება. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ ევროპელი პარტნიორები ინფორმირებული არიან.