ცამეტი მედალი ანტიბიდან - ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს #1TVSPORT
15-19 ნოემბერს საფრანგეთში, ქალაქ ანტიბში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ევროპის 30 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენს შორის საქართველოდან კარატისტების 25-კაციანმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ევროპის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, ჯამში, 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატზე გუნდური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიგეს ლუკა ხვედელიანმა, ტატო სამხარაძემ, ჭაბუკა მახარაძემ და ავთო გიუნაშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა იტალიის, რუმინეთის, დანიისა და ინგლისის ნაკრებები დაამარცხა და გუნდური I ადგილი დაიკავა.
კუმიტეში გუნდური პირველობის გარდა, ოქროს მედალი აიღო ტატო სამხარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეში, ვერცხლის მედალი ტატო სამხარაძემ ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ხოლო ჭაბუკა მახარაძემ ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის კატას დისციპლინაში.
ევროპის ჩემპიონატზე გოგონებში ოქროს მედალი მოიპოვა (U11) ინდივიდუალურ კუმიტეში თამარ ცინცაძემ. ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს ლუკა შანთაძემ და დავით გულოიანმა (U17) აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, კიდევ ერთი ოქროს მედალი კუმიტეში ვეტერანებს შორის ორთაბრძოლაში აიღო ირაკლი ღონღაძემ.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მერაბ ლომაძემ კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში, დავით გულოიანმა კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში, მათე ძიგანაძემ (U17, -55კგ), იოანე ჭუმბაძემ (U9, -40კგ) და თეონა აბრამიშვილმა (U11, -35კგ).