ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ ქრისტინე კობახიძესთან, პირველ მოადგილე გიორგი მაქარაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერ ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, ხანგრძლივი, გადაუდებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
მათივე ცნობით, აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
აქვე განმარტებულია, რომ სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე შეხვდა სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და დაიგეგმა ალტერნატიული გზის გახსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება დროულად, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა.