ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში, სანორჩი-ნასპერის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლასურიაშში, სანორჩი-ნასპერი-ლასურიაშის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რის გამოც ამ მიმართულებით საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, გადაადგილება შესაძლებელია ალპანა-ღვირიშისა და ცაგერი-დეხვირი-სანორჩი-ნასპერის მიმართულებით.
დაზიანებულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, დროებით მოეწყობა საფეხმავლო გზა. უახლოეს დღეებში კი ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფი შეისწავლის და მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.