C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.- ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
დავით სერგეენკოს თქმით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამირეიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.
გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები უფასო იქნება – სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება, 30%-ს კი ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახური დააფინანსებს.
დავით სერგეენკომ დეცენტრალიზაციის პროცესზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, უკვე დაწყებულია და რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებს.
„პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”,- განმარტა დავით სერგეენკომ.
სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად ერთი თვისა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მკურნალობა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელია 98,2%.