გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. მათივე ცნობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
„ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს“,- აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.