ბუტა რობაქიძის საქმეზე შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ფირცხალავამ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ფირცხალავამ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ბრალდებულის თქმით, წლების წინ შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდა, როდესაც ბუტა რობაქიძე უკვე გარდაცვლილი იყო.
ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და მომხდართან კავშირი არ აქვს.
„ავიღოთ ამ საქმეზე ჩვენებები, მაქვს დეტალური ამონაწერი. პირველად 02:26 სთ-ზე მირეკავენ, რომ შემთხვევა მოხდა. ამ დროს დადასტურებულია, რომ რობაქიძე გარდაცვლილია. მე ვიმყოფები სხვა ლოკაციაზე და შემთხვევის ადგილზე 2:40-ზე მივდივარ, 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველაფერი არის დამთავრებული. ექვსი წელიწადია ამას ვიძახი. არანაირი კავშირი, გარდა იმისა, რომ მივედი, ვნახე და წავედი არაფერია. მე შევთავაზე პროკურატურას, რომ გავხსნი ამ საქმეს, ვინ რა გააკეთა, ვინ რა ქნა, პროფესიონალი ვარ და მაგდენი ტვინი მაქვს. გაუგებარია, რატომ ვარ ბრალდებული ამ საქმეში. მარტო მე აღმომაჩნდა ის უნარ-ჩვევები, რომ ძირითადი მტკიცებულებები მომეტანა. რა მაკავშირებს ამ საქმესთან? რა მტკიცებულებათა ერთობლიობა გაქვთ ჩემს წინააღმდეგ? ბაქრაძის აღიარება? სისულელეა ეს ყველაფერი“,-განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ედება ბრალად.