ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
„თბილისის მერია წელს უმნიშვნელოვანეს პროექტს განახორციელებს – ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და აეროპორტის გადასახვევთან მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა იგეგმება.
ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და სხვადასხვა სახეობის მცენარეები დაირგვება, საკმაოდ ლამაზი იქნება. ჩემი თხოვნაა, ამ პროექტის ფარგლებში ასევე ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერი ჩამოვხსნათ და განახლებული, ისეთი გაკეთდეს, რაც რეაბილიტირებულ პროექტს შეესაბამება.
მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა. ასევე, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.