ბუქარესტში, მათემატიკის ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ბუქარესტში, მათემატიკის ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბუქარესტში, მათემატიკის ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბუქარესტში, მათემატიკის ოლიმპიადაზე „რომანია მასტერ“ (Romanian Masters), რომელიც მიმდინარე წლის 20-დან 25 თებერვალს გაიმართა, საქართველომ 25 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

მათივე ინფორმაციით, ოლიმპიადაზე მხოლოდ ის ქვეყნები იყო მიწვეული, რომელთა წარმომადგენლებმაც მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

ბოლო ორი წლის წარმატებების გათვალისწინებით, საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ასეთი დონის შეჯიბრებაში. მან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი და ა.შ. საქართველოს გუნდის ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. ყველა მათგანმა პრიზი დაიმსახურა: ნიკოლოზ ბირკაძენ – ვერცხლის მედალი; ბაქარ გამეზარდაშვილმა – ვერცხლის მედალი; თეიმურაზ თოლორაიამ – ბრინჯაოს მედალი; ლუკა მუშკუდიანმა – საპატიო სიგელი.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ივანე გოქაძე, დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე. ოლიმპიადაში საქართველომ კიდევ ერთი მიმართულებით მოიპოვა წარმატება – საკონკურსო ამოცანების საბოლოო ექვსეულის შესარჩევად შედგენილ ე.წ. შორთლისტში ქართველი მათემატიკოსის, გიორგი არაბიძის მიერ შედგენილი გეომეტრიული ამოცანა მოხვდა. ნაკრები გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.