ბუნდესტაგის კომიტეტი სპეცსამსახურების მიერ ავსტრიის ხელისუფლების შესაძლო თვალთვალის შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებს
ბუნდესტაგის დაზვერვის სამსახურის კონტროლის კომიტეტი ავსტრიის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გადაამოწმებს ინფორმაციას, ნამდვილად ხდებოდა თუ არა გერმანული სპეცსამსახურების მიერ, ავსტრიის ხელისუფლების თვალთვალი.
კომიტეტის თავმჯდომარის არმინ შუსტერის განცხადებით, უნდა დადგინდეს, საუბარია ახალ ბრალდებაზე, თუ იმ მოვლენებზე, რომლის შესახებაც ცნობილი უკვე 2015 წლიდან იყო.
ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდ ვან დერ ბელენმა და კანცლერმა სებასტიან კურცმა გერმანიის ხელისუფლებას საქმის დეტალური გამოძიებისკენ მოუწოდეს.
ავსტრიული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) 1999-2006 წლებში ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებს უთვალთვალებდა. კერძოდ, გამოცემები Profil და Der Standard წერენ, რომ 1999-2006 წლებში გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს სისტემატურად ჰქონდა წვდომა ავსტრიის სახელმწიფო უწყებების მონაცემებზე, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ქსელებით გადაიცემოდა.
საუბარია სატელეფონო ზარებზე, ასევე ფაქსითა და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებზე. როგორც გამოცემა Der Standard-ი აღნიშნავს, იმ უწყებებს შორის, რომელთა საქმიანობითაც დაინტერესებული იყო გერმანული დაზვერვა, ვენაში განთავსებული სამინისტროები, კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები იყო. ამას გარდა, სადაზვერვო სამსახური უთვალთვალებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილებსა და იარაღით მოვაჭრეებს.