ბუნდესტაგის დეპუტატი იოჰან ვადეპული - საქართველო თუ იმგვარად განვითარდება, როგორც გასული თვეების განმავლობაში, ვხედავ რეალურ შანსებს, რომ სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში
ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, იოჰან ვადეპულის განცხადებით, გერმანია საქართველოს მეგობარია და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამის შესახებ მან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო თუ იმგვარად განვითარდება, როგორც გასული თვეების განმავლობაში, ხედავს რეალურ შანსებს, რომ სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანდება.
„ქართველ კოლეგებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობები პარლამენტთან, პოლიტიკოსებთან. რეალურად შემიძლია ვთქვა, რომ გერმანია საქართველოს მეგობარია. ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველო თუ გვიერთდება და მხარს უჭერს უკრაინას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის და ასევე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელსაც ერთად ვიცავთ. ასე რომ, ამის საფუძველზე ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე დისკუსიებში, თუ როგორ უნდა წარიმართოს გაფართოების პროცესი არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. გერმანიაში თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებსაც სურთ, ნახონ საქართველო კანდიდატის სტატუსით. ეს მოითხოვს გარკვეულ დროს. საქართველო თუ იმგვარად განვითარდება, როგორც ამას გასული თვეების განმავლობაში აკეთებდა, მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში“, – განაცხადა ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ბერლინში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.