ბულინგისა და ოჯახური ძალადობის შესახებ საქართველოს რეგიონების სკოლებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში შეხვედრები გაიმართა
სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვების მიმართ სტიგმის დაძლევა, ბულინგი, ოჯახში ძალადობა – ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც საქართველოს რეგიონების 14 საჯარო სკოლასა და 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეხვედრები გაიმართა.
ბავშვზე ძალადობისა და მისი მიტოვების პრევენციისთვის პროექტი ასოციაციამ „ჩემი სახლი საქართველო“ განახორციელა. ახალგაზრდებთან შეხვედრები და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა იყო პროექტის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის მთავარი მიზანი ბავშვის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების გაძლიერება იყო.
სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა 20 ასეთ ოჯახში იმუშავეს. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, ოჯახების გაძლიერება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მოხდა, როგორიცაა მშობლების უნარების განვითარება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ბავშვების ჩართვა სკოლამდელ და სასკოლო განათლების პროცესში.
პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ზრუნვაში გადასული ბავშვებისთვის მიმღები ოჯახების მოძიება და ტრენინგების ციკლიც განხორციელდა.
სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, სპეციალური სახელმძღვანელო შეიქმნა, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.
„ექვსი რეგიონი იყო ჩართული, ჩვენ ამ რეგიონებს წარვუდგენთ მოდელს, როგორც სახელმძღვანელოს, ეს იქნება თვითმმართველობებისთვის. როგორ განვახორციელეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი ღონისძიებები, აღწერილია სახელმძღვანელოში და ამით სარგებლობა შეუძლიათ თვითმმართველობებს. გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები იყო 14 საჯარო სკოლასა და 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლში“, – განაცხადა ასოციაციის „ჩემი სახლი საქართველოს“ წარმომადგენელმა მანანა ომარაშვილმა.