ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 13 000 უბანი. ხმის მიცემის უფლება 6,7 მილიონი მოქალაქეს აქვს. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 23 პარტია და კოალიცია.
ბულგარეთის პარლამენტი 240 ადგილიანია. კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება მოქალაქეებს პირბადითა და დისტანციის დაცვით უწევთ.
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მცირე უპირატესობა აქვს პარტიას, რომელიც მმართველი პოლიტიკური წრეების წინააღმდეგ გამოდის. კვლევების მიხედვით, პარტია, სახელწოდებით „არსებობს ასეთი ხალხი“, რომელსაც ყოფილი ტელეწამყვანი ხელმძღვანელობს, მოქალაქეთა ხმების 21,8 პროცენტს მიიღებს. გამოკითხვებით, მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია „გერბ“-ი. მესამე ადგილს კი სოციალისტებს უწინასწარმეტყველებენ, რომელთაც ელექტორატის 16,4 პროცენტი უჭერს მხარს.
არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები საღამოს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდგ გახდება ცნობილი.
ვადამდელი არჩევნები ბულგარეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველმა პარტიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი უდგას სათავეში, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა.
ამის გამო ბორისოვი გადადგა და აპრილის შემდეგ ქვეყანას დროებითი მთავრობა ჰყავს.