ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბულგარეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეშვიდედ ირჩევს პარლამენტს. არჩევნეში მონაწილეობას იღებს 19 პარტია, ცხრა კოალიცია და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლიტიკური პარტიები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.
საარჩევნო უბნები გაიხსნა დღეს, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათზე, თუმცა შესაძლებელია გახანგრძლივდეს 21:00 საათამდე, თუ რიგში ამომრჩევლები იქნებიან.
სამოქალაქო რეესტრისა და ადმინისტრაციული მომსახურების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 6,6 მილიონზე მეტ ბულგარეთის მოქალაქეს აქვს.
ბულგარეთის მასშტაბით გახსნილია 12 879 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ – 719.
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისი 2021 წლიდან გრძელდება, მას შემდეგ ქვეყანაში უკვე ექვსი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ბოლო არჩევნები 2024 წლის ივნისში ჩაატარეს, თუმცა მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა.