ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას კონფლიქტი უწოდა, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა
ბულგარეთში ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს შორის მოლაპარაკება დაძაბულად წარიმართა, რა დროსაც უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელი კოლეგა ღიად გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას კონფლიქტი უწოდა, რომელიც სივრცობრივად ფართოვდება. საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლმა წამოიწყო გამანადგურებელი ომი უკრაინელების წინააღმდეგ და ბულგარეთის მთავრობა, რადევისგან განსხვავებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში მართალი იყო.
ბულგარეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა“ და რომ „მეტი და მეტი იარაღი ამას ვერ მოაგვარებს“.
უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „ღმერთმა არ ქნას, რამე ტრაგედია დაგემართოთ და ჩემ ადგილას იყოთ. და თუ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანები არ დაგეხმარებიან, რას გააკეთებთ? თქვენ იტყოდით: პუტინ, გთხოვთ, დაიპყროთ ბულგარეთის ტერიტორია? ასევე მინდა, გითხრათ, რაც არ უნდა ჰქონდეს თქვენს ჯარს საბრძოლო მასალის მხრივ, რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლისთვის არ იქნება საკმარისი. ცუდი არმია არ გყავთ, თქვენი ბიჭები კარგები არიან, მაგრამ 160 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკმარისი არ იქნება. ამიტომ კარგია იარაღის მოცემა, რომ ჩვენ დავიცვათ თავი და ომი არ მოვიდეს თქვენთან. უკრაინასა და ნატო-ს უნდა ჰქონდეთ საერთო ღირებულებები. სხვაგვარად არ შეიძლება. თქვენ არ შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ რუსეთს და მხარი დაუჭიროთ ბალანსირებულ პოზიციას, რადგან რუსეთს სურს, გაანადგუროს ნატო, სურს, გაანადგუროს ევროპა და ევროკავშირი; ეს მათი მიზნებია. მიმიხვდით?“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.