ბულგარეთის პრეზიდენტმა 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ეს ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.
პრეზიდენტმა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ივნისში რეფორმისტი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის სამთავრობო კოალიცია დაიშალა.
რადევმა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად შრომის ყოფილი მინისტრი გალაბ დონევი დანიშნა. დროებითი მინისტრთა კაბინეტი მოვალეობას შეასრულებს არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირებამდე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დროებითი მთავრობა, როგორც მოსალოდნელია, მოსკოვის მიმართ უფრო რბილ პოზიციას დაიკავებს.