ბულგარეთის პრეზიდენტი - საქართველო ევროკავშირისა და ნატო-სგან ჯილდოს იმსახურებს
საქართველო ბულგარეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში და გაწეული ძალისხმევისთვის ევროკავშირისა და ნატო-სგან ჯილდოს იმსახურებს, – აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. ამ კონტექსტში, რუმენ რადევმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს.
მისი შეფასებით, წვრთნისა და მომზადების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ნატო-სთან სრულად თავსებადია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ბულგარეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებს ისტორიული მეგობრობა და ამაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ბულგარეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატო-ში. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან ურთიერთობების განვითარება. ბულგარელ მეგობრებს მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ისინი მონაწილეობენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განხორციელებაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთის როლი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ეს ყველაფერი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნატო-სთან“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.